თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში გაიმართა. პირისპირ შეხვედრაზე მინისტებმა, ნოდარ ხადურმა და ბიულენთ თუფენქჯიმ დეტალურად მიმოიხილეს თანამშრომლობის სფეროები და ისაუბრეს მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობის საკითხს, მოქნილი, თანამედროვე საბაჟო კონტროლის მექანიზმების დახვეწის და სიახლეების დანერგვის გზით.
ყურადღება გამახვილდა, ასევე, ორი ქვეყნისთვის სტრატეგიულად ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის გააქტიურება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება, ტურისტული და სატრანსპორტო ნაკადის ზრდის ხელშეწყობა, ზემოაღნიშნული მიმართულებებით ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციების მიერ ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებაზე.
ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ხაზი გაუსვა საქართველო-თურქეთის ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობას, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას მინისტრების, ადგილობრივი თვითმართველობების, საპარლამენტო კომიტეტებისა და მმართველი ორგანოების დონეზე. მან იმედი გამოთქვა, რომ საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრის საქართველოში მეორე ვიზიტი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართულ-თურქული მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას, აგრეთვე, ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურსა და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის განვითარებას.
თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრის განცხადებით, თურქეთი მზად არის გააღრმავოს პარტნიორობა საქართველოსთან და ხელი შეუწყოს სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებას. მან ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელიც თურქეთში განვითარებული მოვლენების დროს საქართველოს მთავრობამ გამოუცხადა პარტნიორ ქვეყანას.
მინისტრების შეხვედრა აღნიშნულ ფორმატში უკვე მესამედ შედგა - ბიულენთ თუფენქჯი თანამდებობაზე დანიშნვის შემდეგ, პირველი საერთაშორისო ვიზიტით სწორედ საქართველოს ეწვია, ხოლო ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ვიზიტი თურქეთში მიმდინარე წლის იანვარში შედგა.