სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შინაური ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდა. სიმბოლური აქცია ვაკის პარკის ტერიტორიაზე გაიმართა. დაავადება ცოფის წინააღდეგ უფასოდ აიცრა შინაური ცხოველები. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებისთვის მოეწყო ხატვის კონკურსი თემაზე „როგორ დავიცათ ცხოველი და საკუთარი თავი ცოფისგან", ასევე ფოტოკონკურსი - „გადაიღე ფოტო შენს ოთხფეხა მეგობართან ერთად".
ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივით 2007 წელს დაწესდა დაყოველი წლის 28 სექტემბერს აღინიშნება. სწორედ ამ დღეს, 1895 წელს გარდაიცვალა ცნობილი მიკრობიოლოგი ლუი პასტერი, რომელიც ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთ-ერთი შემქმნელია. საქართველოში კი ეს დღე 2013 წლიდან აღინიშნება. ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღის დაწესება მიზნად ისახავს ამ მეტად საშიში დაავადების მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ინფექციურ დაავადებებს შორის ცოფი, რომელიც ჰიდროფობიის სახელითაც არის ცნობილი, აბსოლუტური ლეტალობის გამო, განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ლეტალური შედეგის თავიდან აცილება შესაძლებელია ცხოველების დროული ვაქცინაციით, დაინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტის შემდეგ კი ანტირაბიული იმუნიზაციით!
სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური ცხოველების უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ქვეყნის ტერიტორიაზე მთელი წლის მანძილზე ატარებს. დამატებით, ვეტერინარებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფი დედაქალაქის ყველა უბანში ახორციელებს როგორც შინაური, ასევე მიკედლებული ძაღლისა და კატის იმუნიზაციას.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წელია, საქართველოში ადამიანის ცოფით დაავდების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც ჯანდაცვის სტრუქტურების ეფექტიან მუშაობასთან ერთად, სააგენტოს მიერ განხორციელებული ცხოველების მასობრივი პროფილაქტიკური ვაქცინაციის შედეგია.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარების მიერ დაავადება ცოფის საწინააღმდეგოდ მიმდინარე წელს 127 ათასამდე, 2015 წელს კი - 251 ათასამდე ცხოველია აცრილი.
მსოფლიო ამ დღეს 28 სექტემბერს აღნიშნავს. იმის გამო, რომ ცხოველების მეპატრონეებს ჰქონოდათ საშუალება, მოეყვანათ საკუთარი ცხოველი, საქართველოში ამ დღის აღნიშნვა არასამუშაო დღეს - შაბათს (1 ოქტომბერს) დაიგეგმა.