საყდრისის დაცვის კომიტეტი საყდრისის ექსპოზიციის დაფინანსებაზე ინფორმაციას მოითხოვს. კომიტეტის წევრებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ RMG GOLD-ის წარმომადგენლები ბოლნისში მხოლოდ მუზეუმის შენობის აშენება-გარემონტებას აფინანსებს,ხოლო საყდრისის ექსპოზიციის დაფინანსების შესახებ ინფორმაცია არა აქვთ.
მათივე განმარტებით, საყდრისის ექსპოზიციის დაფინანსებაზე ინფორმაციას არ ფლობს საქართველოს ეროვნული მუზეუმი და თავად მუზეუმის კონცეფციის ავტორთა ჯგუფიც.
”ამ თემასთან დაკავშირებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში ამაოდ ვცდილობდით კომუნიკაციას საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და კულტურის სამინისტროსთან. საყდრისის დაცვის კომიტეტი ითხოვდა შეხვედრას ე.წ. გაფართოებულ ფორმატში (კულტურის სამინისტრო, ეროვნული მუზეუმი, ძეგლთა დაცვის სააგენტო, საყდრისის კონცეფციის ავტორები და კომპანია RMG GOLD ) , სადაც განხილული იქნებოდა საყდრისის ექსპოზიციასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. მიუხედავად არაერთგზის დაპირებისა, შეხვედრა არ შედგა, ასევე არ მიგვიღია პასუხები კულტურის სამინისტროდან შესაბამის წერილებზე,”- განაცხადეს საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებმა.
როგორც საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, მათთვის ცნობილი გახდა, რომ სექტემბრის ბოლოს კულტურის სამინისტრო გეგმავს ბოლნისის მუზეუმის პრეზენტაციას, სადაც, სავარაუდოდ, მხოლოდ საყდრისიდან თავის დროზე შესასწავლად ამოღებული მასალა გამოეფინება, რითაც, მათი თქმით, კიდევ ერთხელ დაკნინდება საყდრისის, როგორც უძველესი ოქროს მაღაროს უნიკალურობა.
”საყდრისის დაცვის კომიტეტი ითხოვს , დროულად იყოს მოძიებული ფინანსები დაპირებისამებრ მაღაროს 3D მოდელის შესაქმნელად, რათა მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი-საყდრისის უძველესი ოქროს მაღარო ღირსეულად იყოს წარმოდგენილი ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში”, - განაცხადეს კომიტეტის წევრებმა.