"ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ არ გეგმავს არანაირ აქციას და მხარდამჭერების შეკრებას. ამის შესახებ პრემიერმა და "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა განაცხადეს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მმართველი პარტია 8 ოქტომბერს შეიკრიბება და გამარჯვებას იზეიმებს.
„ჩვენ ვართ მმართველი ძალა, ხელისუფლებაში ვართ და არ ვიცი ვის უნდა მოვუწყოთ აქცია. ჩვენ პრაქტიკულად მოგებული გვაქვს არჩევნები და არანაირ აქციას და მითუმეტეს დისკომფორტის შექმნას ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ ქუჩები გადავკეტოთ და მოძრაობა ჩავკეტოთ, არ ვაპირებთ. ერთადერთი აქცია, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ, ეს იქნება გამარჯვების აქცია, 8 ოქტომბერს, საღამოს, როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ დიდი აქცია ჩატარდება,“ - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა.