,,ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ და წინ ვერაფერი დაგვიდგება”, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის ბულვარის კოლონადებთან შეკრებილ მხარდამჭერებს სატელეფონო ზარით მიმართა.
,,დილიდან წვიმდა ბათუმში, შემდეგ ეს ღრუბლები გადაიშალა, ამინდი გამოვიდა და წვიმა შეწყდა. ასევე, ბოლო ოთხი წლის უბედურება დაპაუზდება, ყველაფერი უკან დარჩება, როგორც ბნელ კოშმარად, რომლის გახსენებაც აღარ მოგვინდება, იმიტომ, რომ ბათუმში, აჭარაში და საქართველოში ყოველთვის უნდა ვიაროთ წინ, უკანსვლის გარეშე“, - აღნიშნა მიხელ სააკაშვილმა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ამჯერად ვერავის გააბრიყვებს.
,,ივანიშვილი ბოლო ხრიკებს მიმართავს. თქვენ ნახეთ, როგორ რთულ მდგომარეობაშია, ამ დიდი კულტურის კუთხეში ათასგვარ სისულელეს იძახის, ცდილობს ხალხის დაშინებას. მინდა გითხრათ, ვერავის შეაშინებს, ვერ გააყალბებს, ვერავის ამჯერად ვერ გააბრიყვებს, ვერავის წინ ვერ დაუდგება, საქართველოს წინ ვერ დაუდგება, იმიტომ, რომ თუ ივანიშვლი საქართველოს დაუდგება წინ, ეს იგივეა, რომ გაქანებულ მატარებელს დაუდგეს წინ და მაშინ მატარებელი მაინც გაივლის და ივანიშვილი დარჩება რელსებზე“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და კოლონადებთან შეკრებილ ადგილობრივებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.