23 სექტემბერს, 11:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში (მის: ინგოროყვას ქ.#7) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდება.
მემორანდუმის მიზანია შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით ურთიერთანამშრომლობის განვითარება, მხარეთა მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმებში მონაწილეობის უზრუნველყოფა.
მემორანდუმს ხელს მოაწერენ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჭელიძე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ბეზარაშვილი.
ამ მემორანდუმის ფარგლებში პირველი ერთობლივი ღონისძიება 4 ოქტომბერს გაიმართება. განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა დასაქმების მიზნით, განათლების საერთაშორისო ცენტრისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობით „განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმი 2016“ ჩატარდება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 50-მდე ახალგაზრდა, რომელთაც ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით უცხოეთში აკადემიური (სამაგისტრო და სადოქტორო) ხარისხი მოიპოვეს.