„თავისუფალი დემოკრატების” ლიდერები ვიქტორ დოლიძე და ალექსი პეტრიაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას ”თავისუფალი დემოკრატების” ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, შეხვედრა ძალიან შინაარსიანი და მრავლისმომცველი იყო.
”ძალიან სასიამოვნოა, რომ როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი დამკვირვებლები ადგილზე იმყოფებიან. ჩვენ შევეხეთ ყველა იმ თემას, რომელიც უკავშირდება დემოკრატიული რეფორმების გატარებას ქვეყანაში. აღინიშნა, რომ წლევანდელი საარჩევნო პერიოდი თვისობრივად უკეთესობისკენ არის განსხვავებული 2012 წლის საარჩვენო პერიოდისგან, თუმცა უფრო მეტი ნაბიჯია გადასადგმელი ისეთ თემებში, როგორიც არის პროკურატურის დამოუკიდებლობა, ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ ხუთი პატრიოტი ადამიანის უკანონოდ ციხეში ყოფნაზე. ვისაუბრეთ ასევე ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე. შევეხეთ იმ რეფორმებს, თუნდაც სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით, რომელსაც ”თავისუფალი დემოკრატები” გაატარებენ მომავალ პარლამენტში ყოფნის პერიოდში. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორებისგან სწორი ევროპული არჩევნების ჩატარების სურვილი დაფიქსირდა”, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.