საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის გუბერნატორი აცხადებს, რომ მომავალი მთავრობა 9 ოქტომბრიდან ამოქმედდება. მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვაში საქართველოს მომავალი მთავრობის გეგმებზე საუბრობს და ამბობს, რომ არცერთ სტუდენტს სტუდენტის სტატუსი არ შეუწყდება.
მისი თქმით, აუცილებელია ქართველი სტუდენტების უცხოეთში სწავლის დაფინანსება სახელმწიფოს მიერ მინიმუმ 1 წლის განმავლობაში.
,,როგორ ვაპირებთ ამის უზრუნველყოფას, ეს არის ვაუჩერების პროგრამა. ქართული ვაუჩერი ახლა ღირებულებით სულ უფრო უახლოვდება საშუალო აღმოსავლეთ ევროპულ ვაუჩერს. ამ ვაუჩერით საერთაშორისო აღიარებას უნდა მივაღწიოთ და მაშინ ჩვენი სტუდენტები წავლენ აღმოსავლეთეთ ევროპის ქვეყნებში და იქ მიიღებენ განათლებას და ჩვენ, სახელმწიფომ დამატებით იქ ცხოვრების ხარჯები უნდა ავუნაზღაუროთ” - ამბობს სააკაშვილი და აქვე გამოეხმაურა მისი მთავრობის დროს მინისტრების სწავლის დაფინანსების საკითხსაც.
”ყურადღება მივაქციე, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩემს წინააღმდეგ იყენებს იმას, რომ რამდენიმე მოქმედი პოლიტიკოსის თუ ყოფილი მთავრობის წევრის განათლება დავაფინანსეთ უცხოეთში. საქმე იმაშია, რომ ჩვენ არა მხოლოდ ამ ადამიანების განათლება დავაფინანსეთ, ყველა ქართველი, რომელიც მიღებული იქნა წამყვან 50 უნივერსიტეტში დასავლეთში, დაფინანსდა სახელმწიფოს მიერ. ეს პროგრამა სხვადასხვა ფორმით მთელი ჩემი პრეზიდენტობის დროს არსებობდა და რამდენიმე ათასი ქართველი სტუდენტი სახელმწიფოს დაფინანსებით წავიდა უცხოეთში. მე ამით ძალიან ვამაყობ.
ამ სტუდენტების მონაცემებს არ გვაძლევს განათლების სამინისტრო. სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას უნდოდა ჰქონოდა სრული მონაცემები. მას ინახავენ როგორც სახელმწიფო საიდუმლოება, მაგრამ ვიცი რომ ბევრი მათგანი დღევანდელ სახელმწიფო აპარატშიც მუშაობს. და ამით ვამაყობ”, -აღნიშნა სააკაშვილმა.