აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰაიკე რენატე ფაიჩის შეხვდა. შეხვედრას მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური ესწრებოდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ სტუმარს რეგიონის განვითარების სტრატეგიული მიმართულებანი გააცნო.
საუბარი შეეხო სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების გაღრმავებას, მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეებს შორის ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის განვითარების ძირითად მიმართულებებზე, განათლებისა და კულტურის საკითხებზე. ელჩმა მზაობა გამოთქვა გაცვლითი ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების ჩატარებისთვის.
აჭარა გერმანიის რამდენიმე რეგიონთან თანამშრომლობს და ჩვენს რეგიონში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტექნიკური დახმარების ფარგლებში ბევრი ინფრასტრუქტურული ღონისძიება ხორციელდება.
გერმანია საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა.
დოქტორი ჰაიკე რენატე ფაიჩი საქართველოში გერმანიის ელჩია 2016 წლიდან.
გერმანიის ელჩი ჩვენს რეგიონში რამდენიმე დღე დარჩება.