2016 წლის აგვისტოში 2016 წლის ივლისთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გაიზარდა 0,04 პროცენტით, ხოლო 2015 წლის აგვისტოსთან შედარებით ინდექსი შემცირდა 3,4 პროცენტით. 2010 წლის საშუალოსთან შედარებით დაფიქსირდა ინდექსის 21,8-პროცენტიანი მატება.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2016 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით დამამუშავებელი მრეწველობის სექციაზე ფასები გაიზარდა 0,2 პროცენტით და სექციის წვლილმა ინდექსის მთლიან მაჩვენებელში 0,19 პროცენტული პუნქტი შეადგინა. სექციაში ფასები გაიზარდა საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოების ქვესექციაზე (1,9 პროცენტი), ხოლო მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების ქვესექციაზე ფასები შემცირდა 5,0 პროცენტით.
ფასების 3,1-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის სექციაზე და მისმა წვლილმა ინდექსის მაჩვენებელში -0,13 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე:
დამამუშავებელი მრეწველობა: ფასები შემცირდა 5,7 პროცენტით და სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში -4,72 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების (-15,3 პროცენტი) და ქიმიური წარმოების (-18,8 პროცენტი) ქვესექციებზე;
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება: ფასები გაიზარდა 12,0 პროცენტით და შესაბამისად სექციამ 1,57 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.