საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღეს რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, , სახელმწიფოს მეთაურს რწმუნებათა სიგელები ისრაელის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შაბთაი ცურიმ გადასცა.
მათივე ცნობით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა.
”შეხვედრისას ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ, კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ეკონომიკური, მათ შორის ბიზნეს-სავაჭრო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივა განიხილეს.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-ისრაელს შორის უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლისა და საერთაშორისო ასპარეზზე ორი ქვეყნის პარტნიორული თანამშრომლობის მნიშვნელობასაც”, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
თავის მხრივ, შაბთაი ცურიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერა.
ისრაელის ახლადდანიშნულმა ელჩმა გამოთქვა მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.
გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატს შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.