დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად კომპანია „Enda Tour”-ისა და „Enda Sports 1995” -ის მფლობელს შამილ იაშაჯანს შეხვდა. შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ აჭარით დაინტერესებულ ინვესტორს რეგიონის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი გააცნო და მომავალი თანამშრომლობის სფეროები განიხილა.
შამილ იაშაჯანი თურქეთის ბაზარზე 1995 წელს დაარსებული უმსხვილესი კომპანიების მფლობელია, რომელიც ევროპის, აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში სპორტული სტადიონებისა და ბაზების მოწყობას, ასევე საერთაშორისო სპორტული გუნდური შეკრებების ორგანიზებას ახორციელებს.
მნიშვნელოვანია, რომ კომპანია „Enda Sports 1995” ფლობს "FIFA"_ს საერთაშორისო ლიცენზიას. მსგავსი ინვესტორის რეგიონში შემოსვლა ხელს შეუწყობს აჭარის, როგორც საერთაშორისო სპორტული შეკრებების მიმართულებად ქცევას და ოთხივე სეზონზე დატვირთვას.