საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სომხეთში ვიზიტი არ გადაიდება.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, მედიით გავრცელებული ინფორმაცია სომხეთის პრეზიდენტისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის შესახებ ხომ არ მოახდენს გავლენას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სომხეთში ვიზიტზე.
„პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სომხეთში არ გადაიდება. ორშაბათს, 5 ოქტომბრისთვის დაგეგმილი ვიზიტი გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში შედგება საუბარი ყველა მნიშვნელოვან საკითხზე”, - განაცხადა გიგიაძემ.
გიგი გიგიაძემ დღეს კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებსა და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის შეხვედრა შედგა. გეგიაძის ინფორმაციით, სომხური მხარე აცხადებს, რომ არანაირ შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ადგილი არ ჰქონია.
მისი თქმით, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მორიგი პოლიტიკური სპეკულაციაა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ხშირად მიმართავენ.
აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის დელეგაცია მთიანი ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო. აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ვებ-ვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დელეგაციას ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია ხელმძღვანელობს. მათ მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტ ბაკო სააკიანს მთიანი ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობის 25 წელი მიულოცეს.
რაც შეეხება სომხეთის პრეზიდენტსერჟ სარქსიანთან აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენელთა შეხვედრას, ამასთან დაკავშირებით ფოტოები ,,ფეისბუქში“ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანიამ გაავრცელა.