აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის დელეგაცია მთიანი ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო. აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ვებ-ვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დელეგაციას ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია ხელმძღვანელობს. მათ მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტ ბაკო სააკიანს მთიანი ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობის 25 წელი მიულოცეს.
”მთიანი ყარაბაღის მოსახლეობამ ურთულესი გზა გაიარა რესპუბლიკის დამოუკიდებლობამდე მისაღწევად. აფხაზებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ დღეს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის გვერდით ყოფნა”, -განაცხადა გაბნიამ.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიზიტი გრძელდება და საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია „სამხრეთ ოსეთის“ და არაღიარებული დნესტრიპირეთის ე.წ. დელეგაციების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.
რაც შეეხება სომხეთის პრეზიდენტსერჟ სარქსიანთან აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენელთა შეხვედრას, ამასთან დაკავშირებით ფოტოები ,,ფეისბუქში“ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანიამ გაავრცელა.