,, მინდა მწუხარება გამოვთქვა იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი დასავლური ძალების მძევალია”, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა. მან ყოფილ პრემიერ-მინისტრს მოუწოდა დაიკავოს ეროვნული პოზიცია და ,,უარი თქვას პროდასავლური, პრორუსული ძალების მხარდაჭერაზე.
,,პოლიტიკური სპექტრი ორ ნაწილად ჩამოყალიბდა: ერთ მხარეს არიან დასავლეთიდან მართული ძალები -”ქართული ოცნება”, ”ნაციონალური მოძრაობა” და მათი სატელიტები და მეორე მხარეს ის ძალები, რომლებიც რუსულ-ქართულ ურთიერთობებში მარგინალურ როლს ასრულებენ. ერთი მხრივ ესენი არიან ის ქართველები, რომლებსაც ქართულ-რუსულ ურთიერთობაში მანდატიც კი არ გააჩნიათ და მეორე მხრივ, თანამდებობის პირები კრემლში, რომლებიც თითქოს ქართულ პოზიციას იკავებენ. მე მინიშნებები უკვე გავაკეთე და თუ არ შეწყვეტენ მარგინალობას, მათ გამოვააშკარავებ. მინდა მწუხარება გამოვთქვა იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი დასავლური ძალების მძევალია და აქედან მივმართავ, რომ არათუ მხარდაჭერა გამოუცხადოს ”ქართულ ოცნებას”, არამედ თავისი ქონებაც რომ გადაუფორმოს იან კელის და მემკვიდრეობის გარეშე დატოვოს შვილები, ისინი მაინც არ მოასვენებენ, „ნაციონალები“ მაინც არ მოასვენებენ და ქართულ საქმესაც ვერ გააკეთებს. მივმართავ უარი თქვას პროდასავლური, პრორუსული ძალების მხარდაჭერაზე და დაიკავოს ეროვნული პოზიცია”, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.