ჩემი პოზიცია არის ის, რომ მე გავაგრძელო მუშაობა ჩვეულ რეჟიმში, - აღნიშნულის შესახებ განცხადება დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ოპოზიციური პარტიების იმ მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ ნარმანიამ თანამდებობა დატოვოს.
”გუშინ ჩვენ ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული შეხვედრა დავნიშნეთ თბილისის მერიაში, სადაც ვსაუბრობდით კონკრეტულად ადმინისტრაციული პროცედურების გამკაცრებასა და გაუმჯობესებაზე. იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომავალში, თუმცა ასეთ დროს ადგილი ჰქონდა ცლკეულ დესტრუქციულ ქმედებებს, რამაც ჩემი ასეთი რეაქცია გამოიწვია, თუმცა ალბათ, მაინც ამ რეაქციას გამართლება არ აქვს და ბოდიში უნდა მოვუხადო საზოგადოებას, ვისაც შეიძლება ამით გული ვატკინე, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ როდესაც მაგიდასთან ვსხდებით დაინტერესებული მხარეები, ყველას გვქონდეს შესაბამისი მოთმინება, არ შევიდეთ დესტრუქციაში და ხელი არ შევუშალოთ მუშა პროცესს, რომლის ანალოგიც არასდროს ყოფილა ჩვენი წინამორბედების დროს. ისინი არასდროს აკეთებდნენ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ასეთ მუშა და საინტერესო განხილვებს, არასდროს ეძახდნენ ექსპერტებს იმისთვის, რომ პროცედურები დაეხვეწათ. თუ რაღაც დასახვეწი და მოსაგვარებელია, ჩვენ მზაობა გამოვთქვით ამასთან დაკავშირებით. როდესაც მზაობა არის, ასეთ შემთხვევაში, ყველა უნდა დავსხდეთ და კონკრეტული წინადადებებით ვისაუბროთ და ვიმუშაოთ და არ უნდა ვიყოთ დესტრუქციულები”, - განაცხადა ნარმანიამ.