აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე,აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ლაშა კომახიძესთან ერთად დღეს თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი ქვეყნებს შორის სავაჭრო პარტნიორობის გაღრმავებას, ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით რეგიონში უკვე მიმდინარე პროექტებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მწუხარება გამოთქვა თურქეთის რესპუბლიკაში ბოლო პერიოდში გახშირებული ტერაქტების გამო და თურქეთის ხელისუფლებისა და ხალხის მიმართ თანადგომა გამოხატა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თურქულ მხარეს შავ ზღვაში დაკარგული სამხედროების ძებნის ოპერაციაში მხარდაჭერისა და მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე სულხან ხალვაში და აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური ესწრებოდნენ.
თურქეთის დელეგაციას DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ იანგინი ხელმძღვანელობდა. დელეგაციაში ასევე თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში იასინ თემიზქანი, ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე ქენან ილდირიმი და სხვა წევრები იმყოფებოდნენ