თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დღეს „ტავ ჯორჯიასა“ და Turkmenistan Airlines წარმომადგენლებს შორის ოფიციალური შეხვედრა გაიამართა. მოლაპარაკებების შედეგად, სექტემბრიდან Turkmenistan Airlines-ი აშხაბადი-თბილისი-აშხაბადის მიმართულებით რეგურალურ ფრენებს იწყებს. რეისები კვირაში ორჯერ, ბოინგ 737-800 ტიპის ავიახომალდით განხორციელდება.
Turkmenistan Airlines-ი 1992 წელს დაფუძნდა და დღეისათვის რეგულარულ რეისებს 11 ქვეყნის 15 სხვადასხვა ქალაქში ახორციელებს. ავიაკომპანიის მფლობელობაში 30-მდე სხვადასხვა ტიპის ავიახომალდი შედის.
აღსანიშნავია, რომ 4 ივლისს, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში საქართველოსა და თურქმენეთის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრის მიზანს, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობის განხილვა წარმოადგენდა. მოლაპარაკებების გამართვაზე გადაწყვეტილება საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომის (2014 წლის 27-28 ნოემბერი) ფარგლებში იქნა მიღებული. საავიაციო უწყებებს შორის გამართულ მოლაპარაკებებს „თურქმენეთის ავიახაზების“ (Türkmenhowaýollary) წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
მოლაპარაკების შედეგად, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას აშხაბადსა და თბილისს შორის რეგულარული სამგზავრო მიმოსვლის დაწყების თაობაზე.
როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, თურქმენული მხარე აშხაბადი - თბილისის რეისების შესრულების შესაძლებლობას მიმდინარე წლის 17 სექტემბრიდან განიხილავს - მას შემდეგ რაც აშხაბადის ახალი საერთაშორისო აეროპორტი საზეიმოდ გაიხსნება.