პარლამენტის თავმჯდომარეს "ქართულ ოცნებაში" პასუხობენ. ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოლსკი აცხადებს, რომ უსუფაშვილის განცხადება, სადაც ის ყოფილ პრემიერ-მინისტრზე ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს, ნიშნავს იმას, რომ წინასაარჩევნო პროცესია და უსუფაშვილმა გადაწყვიტა "რესპუბლიკური პარტიის" ფორმატში გააგრძელოს თავისი მოღვაწეობა.
"პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან გაკეთებული განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ წინასაარჩევნო პროცესში და დავით უსუფაშვილმა გადაწყვიტა "რესპუბლიკური პარტიის" ფორმატში გააგრძელოს თავისი მოღვაწეობა. როგორც კი გადმოდის იმ ფორმატში, რასაც რესპუბლიკური პარტია ქვია, მისი დიაპაზონი მნიშნელოვნად ვიწროვდება და პარტიულ ჩარჩოებში ექცევა.
ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების მხარდამჭერია, დამფუძნებელია, ეს ყველამ იცის და ამასთანავე ყავს ძალიან კარგი გუნდი. პოლიტიკიდან წასულია ისედაც და ნოემბერში რას ნიშნავს. ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების დამფუძნებელი და მხარდამჭერი იქნება ყოველთვის." განაცხადა გია ვოლსკიმ დავით უსუფაშვილის საპასუხოდ.