კამპანია „გაიცანი საქართველო"-ს ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ რიგით მე-15 პრესტური რაჭასა და ლეჩხუმში გამართა. სხვადასხვა მედიასაშუალებების 20-ზე მეტი წარმომადგენელი ამბროლაურის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებს ეწვია. პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა ნიკორწმინდის ტაძარი, ხოტევისა და მაქსიმე აღმსარებლის მონასტრებიმოინახულეს,დაათვალიერეს მურის ციხე, ონის სინაგოგა და ონის მუზეუმი. პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტები ადგილობრივ საოჯახო მარანს ეწვივნენ და რაჭული ღვინო (ხვანჭკარა) დააგემოვნეს.
შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კამპანია „გაიცანი საქართველო" 2015 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია. ერთი წლის განმავლობაში მასმედიის 200-მდე წარმომადგენელმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონი მოინახულა. მომზადდა 70-ზე მეტი სიუჟეტი, მთელი წლის მანძილზე ქართული საზოგადოება იღებდა ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტურისტული პოტენციალისა და ღირშესანიშნაობების შესახებ.
პრესტურის პარალელურად რაჭაში „ოფროუდის" მოყვარულებმა „ტროფი ექსპედიცია InRacha 2016" გამართეს. ჯგუფის წევრებმა თბილისი-საჩხერე-მრავალძალის გაუვალი გზა გადალახეს და სოფელ შქერში დაბანაკდნენ, სადაც კარვების ქალაქი მოეწყო. „ოფროუდერებმა" ონი, შოვი, გონა და ბარაკონი მოინახულეს. „ტროფი ექსპედიცია InRacha 2016"-ს ფარგლებში შაორისწყალსაცავთან მოწყობილ ბანაკში ჯაზ-ეთნო კონცერტი გაიმართა.