საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცახდებით, ფაქტია, რომ დღეს რაღაც დამატებითია საჭირო ქვეყნის სწორად განვითარებისთვის. გიორგი კვირიკაშვილმა „საქართველოს ეკონომიკის განვითარების ფორუმზე“ გამოსვლისას აღნიშნა, რომ მთავრობა სწორედ ამიტომ დაინტერესდა ჯონ კენედის უნივერსიტეტის პროფესორ დანი როდრიკის განვითარების თეორიით.
„ფაქტია, რომ დღეს რაღაც დამატებითია საჭირო იმისთვის, რომ სწორი განვითარება უზრუნველვყოთ და სწორედ ამიტომ ჩვენ დანი როდრიკის განვითარების თეორიით დავინტერესდით, როდესაც გარკვეულ მიმართულებებს სწორი დახმარების შედეგად, მეტი მნიშვნელობა ეძლევა, როდესაც გამოუყენებელი შესაძლებლობების ამუშავება ხდება და მთლიანად ღირებულებთა ჯაჭვი იწყებს მოქმედებას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ეკონომიკურ ფორუმს დანი როდრიკი და კოლუმბიის უნივერისტეტიდან ჩარლზ სეიბლი ესწრებიან. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით დანი როდრიგესმა მიმართა. მან ყურადღება ბიზნეს და საჯარო სექტორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე გაამახვილა.