აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს,აჭარის ა.რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის დოკუმენტი შპს ,,ქ. ბათუმის რესპუბლიკური - კლინიკური საავადმყოფო"-ს ტერიტორიაზე დაგეგმილი მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სასწავლო ბაზად გამოყენებისათვის შესაბამისი კონცეფციის შემუშავებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში შენობის სწავლის პროცესისთვის აუცილებელი ტექნიკური აღჭურვა განხორციელდება.
მემორანდუმს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივესრიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა მოაწერეს ხელი.
"აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის დღეს ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს მოეწერა ხელი.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამებიდან რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის პროექტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია აჭარის რეგიონის მოსახლეობისთვის. სოციალური დატვირთვის გარდა პროექტს ეკონომიკური ღირებულება აქვს და დღეს მიღებული გადაწყვეტილებით სამედიცინო დაწესებულების მშენებლობას საგანმანათლებლო მიმართულების გაძლიერებაც მოჰყვება.
სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით იქნება აღჭურვილი და სტუდენტები უახლესი ტექნოლოგიებით პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ რეგიონში დამატებით არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელდეს, სადაც ნიჭიერი და განათლებული თაობა დასაქმდება და გამოცდილებას მიიღებს"- განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.
შეთანხმება თითოეული მხარის წარმომადგენელთა მონაწილეობით სამუშაო ჯგუფის შექმნას გულისხმობს, რომელიც კონცეფციას შეიმუშავებს.
სამინისტროებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აჭარის ა.რ ტერიტორიაზე ახალგაზრდა კვალიფიციური სამედიცინო კადრების მომზადების ხარისხს.