"დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება პეტიციით. 10 ათასობით ხელმოწერაა შეგროვებული. მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ამ ადამიანებს, რომ გაიზიარეს განწყობა, რაც საზოგადოებაშია, რომ ეს 5 უდანაშაულო ადამიანი გათავისუფლდნენ და დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს,"- განაცხადა "თავისუფლების დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ე.წ. კაბელების საქმეზე ანგარიშის წარდგენისას.
ირაკლი ალასანიამ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ხელი მოაწერეს პეტიციას, რომელიც ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული პირების უდანაშაულობას და მათი ციხიდან განთავისუფლებას ითვალისწინებს.
ე.წ. კაბელების საქმის შესახებ რამდენიმე დღეში საკონსტიტუციო სასამართლოში პირველი სხდომა გაიმართება. პროცესის მნიშვნელობის შესახებ ბრიფინგზე დაკავებულთა უფლებადამცველმა ისაუბრა.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი, არა მარტო ჩემთვის, მსჯავრდებულებისთვის, არამედ ზოგადად, სამართლის განვითარებისათვის. 5 პოლიტიკური პატიმარი, 5 ტყვე გვყავს. 22 ივლისს იწყება საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა,"- აცხადებს ადვოკატი ლევან სამუშია.
ე.წ. კაბელების საქმეზე პოლიტიკური განცხადებებიც გაკეთდა. პარტიაში ფიქრობენ, რომ თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი თანამშრომელი უდანაშაულოა.