9 ივლისს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობის „ეკვილიბრიუმი“ ( #ეკვილიბრიუმი ) ფარგლებში, თანამედროვე მხატვრების ნამუშევრების გამოფენა- გაყიდვა გაიმართება.
გამოფენიდან შემოსული თანხა ლანჩხუთის სოფელ გვიმბალაურში მცხოვრებ ადეიშვილების ოჯახს მოხმარდება. ექვსი წლის ნინო ადეიშვილი ორი წლის იყო, როდესაც დედამ მიატოვა. მამა, ზაქრო ადეიშვილი, ნინოს მარტოს ზრდის. ასევე, იგი შრომისუუნარო მოხუც დედას, მამასა და ბიძას უვლის. ოჯახის ტრაგედიას, იანვარში, კიდევ ერთი ტრაგედია დაემატა. ოჯახს ხანძარმა ერთადერთი თავშესაფარი გაუნადგურა. შესაბამისად, ისინი სრულიად მარტონი დარჩენენ ღია ცის ქვეშ. ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარმოდგენილი იქნება 15-მდე ნამუშევარი, რომლებიც აუქციონის წესით გაიყიდება. მხატვარების, ნინოსადმი სოლიდარობის ნიშნად, ნახატების ფასი არ იქნება მაღალი. ასევე, ღონისძიებაზე გიორგი კეკელიძის „გურული დღიურები“ გაიყიდება და მთლიანი შემოსული თანხა ადეიშვილების ოჯახს მოხმარდება. გარდა ტილოებისა, ღონისძიებაზე შესაძლებელი იქნება შეიძინოთ სხვადასხვა ტიპის აქსესუარები და ხელნაკვეთი ნივთები. საღამოს წაიყვანს ცნობილი ბლოგერი გურამ შეროზია. ერთთვიანი კამპანიის შედეგად, რომელშიც რიგითი ადამიანები და კომპანიები იყვნენ ჩართულნი, შეგროვდა 4000 ლარამდე. თუმცა ეს რესურსი, ახალი სახლის ასაშენებლად, არ არის საკმარისი. შესაბამისად გიწვევთ ყველას აღნიშნულ ღონისძებაზე, რათა ერთად შევძლოთ და სოლიდარობის დახმარებით პატარა ნინოს პეპლებიანი ოთახი დავუბრუნოთ. აუქციონის წესით გაიყიდება შემდეგი მხატვრების ნამუშევრები: რეშკა, თემურ სამადაშვილი, თემურ კვეზერელი, ხათუნა სონღულაშვილი, ნანა ტრაპაიძე, მიშა ბერძენიშვილი, იკო ცაბაძე, ლევან მოსიაშვილი, ზურა ბალანჩივაძე, თამუნა მელიქიშვილი, ანტონ ბალანჩივაძე, მაკა ჯებირაშვილი, ნინო ჩაკვეტაძე, ვახო მეგრელიშვილი, ქეთევან საქარელი და ქეთი დავლიანიძე. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.დასწრება თავისუფალია