ვარშავაში ნატო-ს სამიტი ოფიციალურად გაიხსნა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიაში ნატო-ს გენერალური მდივანი და პოლონეთის პრეზიდენტი მონაწილეობენ. ერთობლივი ფოტოს გადაღების შემდეგ, პირველივე ღონისძიება, რომელზეც ნატო-ს 28 წევრისა და პარტნიორი ქვეყნების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომაა, რომელიც პრეზიდენტებისა და მთავრობის მეთაურების დონეზე გაიმართება.
დღესვე შედგება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტს სულ 58 ოფიციალური დელეგაცია ესწრება. მათ შორის არის ნატო-ს 28 მოკავშირე და მონტენეგრო, რომელიც ვარშავის სამიტზე ოფიციალურად გახდება ალიანსის წევრი. 26 პარტნიორ ქვეყანას შორის წარმოდგენილია საქართველოც. სამიტში ასევე მონაწილეობენ გაერო-ს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები.
ორდღიან სამიტს დაახლოებით 2500 დელეგატი ესწრება. ღონისძიებას მედიის 2000-მდე წარმომადგენელი აშუქებს.
ეს არის ნატო-ს რიგით 28-ე სამიტი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პირველი სამიტი 1957 წელს პარიზში გაიმართა, უკანასკნელი კი 2014 წელს უელსში. პოლონეთი ნატო-ს სამიტს პირველად მასპინძლობს. ამასთან, ეს იენს სტოლტენბერგისთვის გენერალური მდივნის რანგში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პირველი სამიტია.