უფლებადამცველი ოთარ ბექაური საზოგადოებას მოუწოდებს, შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის გათავისუფლების მოთხოვნით, აქციები დაიწყოს. მაგდა პაპიძის დედასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ რამდენიმე მარალჩინოსანმა პაპიძის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია, მათ შორის, შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ.
ბექაურის განცხადებით, თალაკვაძემ დაკავებიდან ერთ საათში „ფეისბუქში“ დაწერა სტატუსი, რომ ქმრისა და შვილის მკვლელი დაკავებულია.
,,მან მოახდინა მაგდას დემონიზაცია ხალხის თვალში. არ შეიძლება, თანამდებობის პირები ასე საუბრობდნენ“, - განაცხადა უფლებადამცველმა.
მისივე თქმით, მაგდა პაპიძის საქმე უნდა გადაიხედოს. ის მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, შეისწავლოს საქმე და შესაძლებლობების ფარგლებში, პაპიძე შეიწყალოს.
რაც შეეხება მაგდა პაპიძის დედას, ლიანა შამუგიამ ჟურნალისტებტან განაცხადა, რომ გამოტანილ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს,
როგორც შამუგიამ აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ადვოკატებს განაჩენი ჩაბარდებათ, მაგდა პაპიძისთვის განსაზღვრული სასჯელი სააპელაციო სასამართლოში საკასაციო წესით გასაჩივრდება. მაგდა პაპიძის დედის თქმით, ისინი ასევე აპირებენ სარჩელის გაგზავნას სტრასბურგის სასამართლოში, თუმცა რა მოთხოვნები ექნებათ აღნიშნულ საჩივარში ამ დეტალებზე ჯერჯერობით ლიანა შამუგია არ საუბრობს.
მაგდა პაპიძის დედის თქმით, არსებობს კითხვები, რომელსაც პროკურატურამ პასუხები ვერ გასცა და აქედან გამომდინარე, ის იცავს საკუთარ შვილს. ლიანა შამუგია მიიჩნევს, რომ მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა, დარეჯან მინდიკაური „რაღაცას მალავს და სრულ სიმართლეს არ ამბობს“.
ლიანა შამუგია მოუწოდებს დარეჯან მინდიკაურს, რომ კითხვებზე, რომელიც საქმეში დაცვის მხარეს გააჩნია, პასუხები გასცეს და თავადაც დაინტერესდეს თუ რატომ არ გასცა ამ კითხვის ნიშნებს პასუხები გამოძიებამ.
4 ივლისს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღეს და ბრალდებული, 25 წლის მაგდა პაპიძე დამნაშავედ ცნეს. ოჯახურ დანაშაულში, კერძოდ, წინასწარი შეცნობით დამამძიმებელ გარემოებებში, მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს სასჯელის ზომად უვადო პატიმრობა მიესაჯა.