2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმა ვერ შესრულდა როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯების კუთხით. ამის ძირითადი მიზეზი არის სუსტი ეკონომიკური ზრდა და მთავრობის მიერ წარმოებული არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა, -ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად მთავრობის ოპტიმიზმისა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის იანვარ-მაისში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ მხოლოდ 2,9 პროცენტი შეადგინა.
”წლის პირველი ნახევარი გამოირჩეოდა გარდა ფისკალური, ასევე მონეტარული არასტაბილურობითაც, რაც ლარის კურსის გაუფასურებაში და მის მკვეთრ რყევებში გამოიხატა”, - განაცხადა გოცირიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შემოსავლების გეგმა განსაზღვრული იყო 4,636 ლარის ოდენობით, ფაქტობრივად ბიუჯეტში შემოვიდა 4,428 მილიარდი ლარი. დანაკლისმა 208 მილიონი ლარი შეადგინა.
”მიმდინარე წლის 6 თვის შემოსავლების მოცულობა 366 მილიონი ლარით ნაკლებია 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც მაშინ 4,794 მილიარდ ლარს შეადგენდა. ერთადერთი, რაც შესრულდა 2016 წლის პირველ ნახევარში, ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა, რომელიც 29 მილიონიტ მეტია დაგეგმილზე( ნაცვლად 3.716 მილიარდისა შემოვიდა 3,745 მილიარდი ლარი). ბიუჯეტი არ შეიცავს მხოლოდ საგადასახადო შემოსავლებს და მისი ერთი ნაწილის გეგმის გადაჭარბებით შესრულება ვერ ანეიტრალებს მთლიანი”, - აღნიშნა გოცირიძემ.
მისი განმარტებით, შემოსავლების გეგმის ჩავარდნის მიზეზი იყო არასაგადასახადო შემსვლებიდან და საგარეო წყაროებიდან თანხების მიუღებლობა.
”2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები დაგეგმილი იყო 4,924 მილიარდი ლარის ოდენობით, ფაქტობრივად დაიხარჯა 4, 679 მილიონი ლარი, რაც 245 ლარით ნაკლებია დაგეგმილთან შედარებით”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ნაციონალური მოძრაობის პროგრამის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მთავრობამ შემოსავლებში წარმოქმნილი დანაკლისი დაიფარა ძველი ნააშთებიდან 251 მილიონი ლარის ოდენობით. ეს უკანასკნელი გახდა ლარის არასტაბილურობის ერთ-ერთი მიზეზი.
”2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი განსაზღვრულია 10,145 მილიარდი ლარის ოდენობით. წლის პირველ ექვს თვეში ათვისებულია მხოლოდ 4, 679 მილიონი ლარი. დარჩენილ პერიოდში უნდა დაიხარჯოს 5,466 მილიარდი ლარი, რაც 787 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე წლის პირველ ნახევარში”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
გოცირიძე აცხადებს, რომ ბიჯეტის არათანაბარზომიერი განაწილება და ტრადიციულად, წლის ბოლო თვეებზე გადატანილი დეფიციტური ხარჯვა კვლავ რჩება მადესტაბილიზებელ ფაქტორად და იგი ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის რისკის შემცველია.