დროა დავფიქრდეთ, თანამედროვე ეპოქამ ხომ არ მოიტანა ეუთო-ს შემდგომი ტრანსფორმაციის აუცილებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და ამ კონტექსტში 2008 წელის აგვისტოს ომი გაიხსენა.
”შესაძლოა, დროა დავფიქრდეთ, თანამედროვე ეპოქამ ხომ არ მოიტანა ეუთო-ს შედგომის ტრანსფორმაციის აუცილებლობა, რათა იგი უფრო ეფექტურად გაუმკლავდეს უსაფრთხოების და თანამშრომლობის მზარდ დეფიციტს. ამ მოსაზრებისკენ გვიბიძგებს, მაგალითად, საქართველოს შემთხვევა. ეუთო-მ არათუ ვერ შეძლო 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სახმედრო აგრესიის პრევენცია და მისი შეჩერება, არამედ თავადაც კი აღმოჩნდა საქართველოს ტერიტორიიდან განდევნილი. სამხრეთ ოსეთიდან ქართველების ეთნიკურ წმენდას, თბილისიდან ეუთო-ს მისიის წმენდაც მოჰყვა, ეს დასაფიქრებელი შემთხვევაა იმისთვის, რომ ვიფიქროთ, ორგანიზაციის მისიის შესასრულებად აუცილებელ ტრანსფორმაციაზე”, - განაცხადა უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის მოხარული იქნება, თუ საქართველოს ეს შემთხვევა იქნება მაგალითი იმისა, რომ საჭიროა წინსვლა და სხვა სტანდარტების დამკვიდრება.
,,ამ თვალსაზრისით მოხარულები ვართ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ეუთო-მ რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს არ მიანიჭა სამშვიდობო ძალების სტატუსი, როგორც ეს, საქართველოში სამწუხაროდ წლების განმავლობაში ხდებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით. ასე, რომ ჩვენ ვსწავლობთ შეცდომებზე და ამ მხრივ გასაკეთებელი მეტია”, - განაცხადა უსუფაშვილმა.