ბელგიაში პროკურორების განცხადებით, დღეს ბრიუსელში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, როგორც გაირკვა, ბუტაფორიული ასაფეთქებელი ქამრის გამო. ,,რადიო თავისუფლება“ პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ „ფსიქიკური პრობლემების“ მქონე მამაკაცს მარილი და ნამცხვარი ჰქონდა ჩადებული ასაფეთქებელი ქამრის ბუტაფორიაში.
მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, აქვს თუ 26 წლის მამაკაცს კავშირი ტერორისტულ ჯგუფებთან. მან განაცხადა, რომ მოუწოდეს, შეუერთდეს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“ სირიაში. ბელგიაში უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებს მიმართავენ მას შემდეგ, რაც წელს მარტში ბრუსელის აეროპორტსა და მეტროში აფეთქებები მოეწყო და 32 ადამიანი დაიღუპა.