დღეს 4 წელი შესრულდა, მას შემდეგ, რაც ,,ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჟულიან ასანჟი ლონდონში, ეკვადორის საელჩოში ცხოვრობს. 44 წლის ასანჟი 2010 წელს, სექსუალური დანაშაულის ბრალდებით, ლონდონში დააკავეს და თავდებით გაათავისუფლეს. 2 წლის შემდეგ, მან თავშესაფარი, ეკვადორის საელჩოს სთხოვა, რადგან სასამართლომ მის სააპელაციო სარჩელზე უარი განაცხადა.
ავსტრალიელ ჟურნალისტსა და პუბლიცისტს ბრალად შვედეთში ჩადენილი სექსუალური დანაშაული ედება. თავად ჯულიან ასანჟი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე ”პოლიტიკურად მოტივირებულია” და WikiLeaks - ზე სხვადასხვა დროს აშშ-ის სამხედრო უწყების და სახელმწიფო დეპარტამენტის ათასობით საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნებას უკავშირდება. თუმცა, შვეცია ისევ ცდილობს ასანჟის გადაცემას და საელჩოს ტერიტორიის დატოვების შემთხვევაში მას დაპატიმრება ემუქრება.
,,ბიბისის“ ინფორმაციით, დღეს ევროპის რამდენიმე ქალაქში იგეგმება ჟულიან ასანჟის მხარდამჭერი ღონისძიებები, რომელშიც ცნობილი ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას. თავად ასანჟი კი მხარდამჭერებისთვის ვიდეომიმართვას, ეკვადორის საელჩოში, მისთვის განკუთვნილი ოთახიდან გაავრცელებს.