რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის დისკუსიებტან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოში ნატო-ს აქტიურობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
რუსეთის საგარეო უწყება განცხადებაში მიმდინარე წლის მაისში საქართველოში გამართულ სამხედრო წვრთნებს ეხმიანება და საქართველოში ნატოს გააქტიურებას ”ცალკეული ქართველი პოლიტიკოსების მილიტარისტული განცხადებების” კონტექტსში განიხილავს.
“ცალკეული ქართველი პოლიტიკოსების მილიტარისტული განცხადებების ფონზე ევროპიდან საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალების - მათ შორის ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორების, ოპერატიული გადასროლის დამუშავება, სოხუმსა და ცხინვალში საფუძვლიან შეშფოთებას იწვევს”, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყება ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს უარს ძალის გამოუყენებლობის შესახებ საერთო განცხადების მიღებაზე.
”თბილისის უარი ჟენევის დისკუსიების მონაწილეების მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ საერთო განცხადების მიღებაზე აღქმული იყო როგორც არაკოსნტრუქციული მიდგომა მოლაპარაკებების უმნიშვნელოვანესი თემისადმი”, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.