ფლორიდის ქალაქ ორლანდოში ღამის კლუბზე თავდასხმაში მონაწილე ომარ მარტინი 2007 წლიდან კერძო დაცვის უმსხვილეს კომპანიაში G4S-ში მუშაობდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად კომპანიაში ადასტურებენ.
“ჩვენ შოკირებული ვართ ტრაგიკული შემთხვევით, რომელიც ორლანდოს ღამის კლუბში მოხდა. ვადასტურებთ, რომ ომარ მარტინი G4S-ში 2007 წლის 10 სექტემბრიდან მუშაობდა. ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ სამართალდამცავ ორგანოებთან, მათ შორის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან”, - ნათქვამია დაცვის კომპანიის წარმომადგენლის განცხადებაში.
კომპანია G4S სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო კომპანიებს უსაფრთხოების სფეროში სხვადასხვა სახის მომსახურებას უწევს. კერძოდ, ის თანამშრომლობს აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების დეპარტამენტთან, ასევე მონაწილეობდა 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. კომპანიის თანამშრომელთა საერთო რიცხვი 620 ათას ადამიანს შეადგენს, G4S-ის შტაბ-ბინა ლონდონში მდებარეობს.
ორლანდოში, ღამის გეი-კლუბ “პულსში” სროლის შედეგად დაიღუპა 50 ადამიანი. ჰოსპიტალიზებულია 53 დაშავებული. თავდამსხმელი, წარმოშობით ავღანელი, აშშ-ის 29 წლის მოქალაქე ომარ მატინი შტურმის დროს სპეცრაზმმა მოკლა. ორლანდოში მომხდარი სროლა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული თავდასხმა გახდა.
ამასთან, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ადასტურებს, რომ თავდამსხმელით სამართალდამცავი ორგანოები 2013 წელს დაინტერესდნენ.
“გამოძიების ფედერალური ბიურო მატინით პირველად 2013 წელს დაინტერესდა, როდესაც მან სამსახურში თავის კოლეგებთან განაცხადა, თითქოს მას ტერორისტებთან ჰქონდა კავშირი”, - აღნიშნა ბრიფინგზე გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენელმა რონალდ ჰოფერმა. ჰოფერის თქმით, გამომძიებლებმა მაშინ დაკითხეს მოწმეები, ასევე თვალთვალი დაუწესეს ომარ მატინსა და ორჯერ დაკითხეს ის, თუმცა ექსტრემისტებთან მისი კავშირის დადასტურება ვერ შეძლეს და საქმე დაიხურა.
მეორედ მატინი თვითმკვლელ ტერორისტთან აბუ სალაჰთან დაკავშირებით დაკითხეს.
ომარ მატინის მამამ მირ სედიკმა ტელეკომპანია NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თავდასხმა რელიგიური მოტივებით არ იყო განპირობებული და რომ მომხდარი შესაძლოა, სექსუალური უმცირესობებისადმი მისი შვილის ნეგატიურ დამოკიდებულებას უკავშირდებოდეს. სედიკის თქმით, მისთვის მომხდარი თავდასხმა შოკისმომგვრელი იყო. “ჩვენ ბოდიშს ვითხოვთ მომხდარისთვის, ჩვენ შეძრულები ვართ ისევე, როგორც მთელი ქვეყანა”, - განაცხადა ომარ მატინის მამამ.