ყაზახეთის ქალაქ აქტობეში სპეცოპერაციის დროს ტერორიზმში ეჭვმიტანილი 5 პირი მოკლეს. ამის შესახებ ,,ბიბისი“ ყაზახეთის ნაციონალური უსაფრთხოების კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.
უწყების ინფორმაციით, ოთხი ეჭვმიტანილი საცხოვრებელი სახლის ბინაში მოკლეს მას შემდეგ, რაც ისინი პოლიციას არ ჩაბარდნენ და ცეცხლი გახსნეს. კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ქალაქის სხვა რაიონში საპატრულო ეკიპაჟზე თავდასხმის მცდელობისას მოკლეს.
ყაზახეთის ნაციონალური უსაფრთხოების კომიტეტში აცხადებენ, რომ სპეცოპერაციის დროს სპეცსამსახურების ორი თანამშრომელი დაშავდა.
5 ივნისს აქტობის ცენტრში შეიარაღებული პირები იარაღის ორ მაღაზიას და სამხედრო ნაწილს დაესხნენ თავს და ექვსი ადამიანი მოკლეს. ქალაქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა 13 სავარაუდო თავდამსხმელი მოკლეს და რვა ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანი ყაზახეთის მკვიდრია.