საქართველოს მთავრობა ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე ინტენსიურად მუშაობს. როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსებუს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა სწორედ ამის დასტურია ის, რომ ბათუმი „გარემო ევროპისათვის“ რიგით მე-8 გარემოსდაცვით მინისტერიალს მასპინძლობს, რომელზედაც მწვანე ეკონომიკის, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების და გარემოს დაცვის სფეროში განათლების დონის გაზრდაზე მსჯელობენ.
„ძალზედ მნიშვნელოვანია თოთოეული ჩვენგანის, თითოეული მოქალაქის აქტიური ჩართულობა ამ პროცესებში. თქვენს მიერ პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების მიღება არის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად. ამ თვალსაზრისით ჩვენ საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, რომ ვიყოთ რეგიონში მოწინავენი გარემოს დაცვის მმართელობის გაუმჯობესების თვალსაზრისით“, განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
ამ მხრივ საუბარია არა მხოლოდ დეკლარაციების მიღებაზე არამედ შემდგომ მოქმედებებზეც.
„ჩვენ რამდენიმე საბავშვო ბაღში გარემოს დაცვის კომპონენტი შევიტანეთ და ვიწყებთ ბავშების ცნობიერების გაფართოებას, რაც ჩვენი ღრმა რწმენით უზრუნველყოფს ზუსტად მდგრადი განვითარების მიზნების სტაბილურობას.
გარდა ამისა ძალიან ეფექტურად მუშაობს ჩვენი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. სამინისტროს სისტემაში უკვე მომზადდა სერიოზული დოკუმენტი - სტრატეგიული განვითარების შეფასების კოდექსი, რომელიც მალე იქნება წარდგენილი საქართველოს პარლამენტში. სწორედ ეს დოკუმენტი არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ წინასწარ განვსაზღვროთ, სტრატეგიულად, ქვეყნის სივრცითი მოწყობა. მიგვაჩნია, რომ ვადგავართ სწორ გზას და დღეს დაწყებული კონფერენცია მოგვცემს ახალ, დამატებით შესაძლებლობებს, რათა ეს საქმიანობა წარმატებით გავაგრძელოთ.
საქართველო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) „გარემო ევროპისათვის“ მე-8 გარემოსდაცვით მინისტერიალს მასპინძლობს. მინისტრთა კონფერენცია - „ბათუმი 2016“ სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით იმართება.
ბათუმის მინისტერიალის ფარგლებში საქართველომ 56 ქვეყნის 600-მდე ოფიციალურ დელეგატს გარემოს დაცვისა და განათლების საკითხებზე პასუხისმგებელი მინისტრების, ბიზნეს სექტორის, ბიზნეს ასოციაციებისა და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი დონის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვრიკაშვილმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა კრისტიან ბახმა მიმართეს.
"გარემო ევროპისათვის" პროცესი წარმოადგენს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის რეგიონის წევრი ქვეყნების, გაეროს სისტემაში არსებული ორგანიზაციების, მთავრობათაშორისი ორგანიზაციების, რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის და სხვა დაინტერესებული ჯგუფების თანამშრომლობის განსაკუთრებულ ფორმატს. აღნიშნული პროცესი და მისი ეგიდით გამართული მინისტრთა კონფერენციები 3-5 წელიწადში ერთხელ იმართება. ეს არის მაღალი დონის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს დაინტერესებული მხარეებისთვის რეგიონის 56 ქვეყნის გარემოსდაცვითი საკითხების განხილვას, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრასა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას მდგრადი განვითარების მიზნით.
კონფერენციის ძირითადი თემებია „მწვანე ეკონომიკის განვითარება პან-ევროპულ რეგიონში“ და „ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის“. ამასთან, კონფერენციის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება თემაზე: „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“.
პირველად “გარემო ევროპისთვის“ მინისტერიალი 1991 წელს, ჩეხოსლოვაკიის გარემოს დაცვის სამინისტროს ინიცირებით, ქ. დობრისში ჩატარდა. ამ დროისთვის სულ 7 კონფერენცია გაიმართა. ჩეხეთის გარდა შეხვედრები გაიმართა შვეიცარიაში (ლუცერნი, 1993), ბულგარეთში (სოფია, 1995), დანიაში (ორჰუსი, 1998), უკრაინაში (კიევი, 2003), სერბეთსა (ბელგრადი, 2007) და ყაზახეთში (ასტანა, 2011).