საქართველოს მთავრობა ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის შესაბამის გარემოს ქმნის. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ,,გარემო ევროპისათვის“ მერვე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მთავრობა მწვანე ბიზნესს შესაბამის გარემოს უქმნის.
„საქართველოს მთავრობა აცნობიერებს ქვეყნის განვითარების პროცესში მწვანე ეკონომიკის მნიშვნელობას და აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით - შესაბამის გარემოს უქმნის მწვანე ბიზნესს; ხელს უწყობს მცირე და საშუალო საწარმოების მწვანე აქტივობებს, განახლებადი ენერგიის ზრდას, მხარს უჭერს მწვანე ტრანსპორტსა და მწვანე შენობებს და ზრუნავს ეკოტურიზმის განვითარებაზე.
საქართველო, როგორც მთიანი ქვეყანა, მდიდარია წყლის რესურსებით და ქვეყნის ენერგეტიკული სექტორი ძირითადად მოიხმარს ჰიდრორესურსებს. ამასთან ერთად, საქართველოს აქვს პოტენციალი გამოიყენოს სუფთა ენერგიის სხვა წყაროებიც, მათ შორის მზის, ბიოთერმული და ბიომასის ენერგეტიკული რესურსები, რითაც უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. საქართველო ასევე მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს გლობალური მიზნის განხორციელებაში - სათბურის გაზების გამოყოფისა და ჰაერის დაბინძურების შემცირებაში. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს 9 ქალაქმა უკვე მოამზადა მდგრადი ენერგეტიკული სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია CO2-ის ემისიის შემცირება იმისათვის, რომ 2020 წლისთვის გვქონდეს სუფთა და ჯანსაღი გარემო“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში მიმდინარე მინისტერიალზე.
საქართველო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) „გარემო ევროპისათვის“ მე-8 გარემოსდაცვით მინისტერიალს მასპინძლობს. მინისტრთა კონფერენცია - „ბათუმი 2016“ სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
ბათუმის მინისტერიალის ფარგლებში საქართველომ 56 ქვეყნის 600-მდე ოფიციალურ დელეგატს გარემოს დაცვისა და განათლების საკითხებზე პასუხისმგებელი მინისტრების, ბიზნეს სექტორის, ბიზნეს ასოციაციებისა და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი დონის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვრიკაშვილმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა კრისტიან ბახმა მიმართეს.
"გარემო ევროპისათვის" პროცესი წარმოადგენს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის რეგიონის წევრი ქვეყნების, გაეროს სისტემაში არსებული ორგანიზაციების, მთავრობათაშორისი ორგანიზაციების, რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის და სხვა დაინტერესებული ჯგუფების თანამშრომლობის განსაკუთრებულ ფორმატს. აღნიშნული პროცესი და მისი ეგიდით გამართული მინისტრთა კონფერენციები 3-5 წელიწადში ერთხელ იმართება. ეს არის მაღალი დონის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს დაინტერესებული მხარეებისთვის რეგიონის 56 ქვეყნის გარემოსდაცვითი საკითხების განხილვას, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრასა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას მდგრადი განვითარების მიზნით.
კონფერენციის ძირითადი თემებია „მწვანე ეკონომიკის განვითარება პან-ევროპულ რეგიონში“ და „ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის“. ამასთან, კონფერენციის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება თემაზე: „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“.
პირველად “გარემო ევროპისთვის“ მინისტერიალი 1991 წელს, ჩეხოსლოვაკიის გარემოს დაცვის სამინისტროს ინიცირებით, ქ. დობრისში ჩატარდა. ამ დროისთვის სულ 7 კონფერენცია გაიმართა. ჩეხეთის გარდა შეხვედრები გაიმართა შვეიცარიაში (ლუცერნი, 1993), ბულგარეთში (სოფია, 1995), დანიაში (ორჰუსი, 1998), უკრაინაში (კიევი, 2003), სერბეთსა (ბელგრადი, 2007) და ყაზახეთში (ასტანა, 2011).