აჭარაში ტურიზმის განვითარებისა და ბიზნესის წარმოებისათვის საუკეთესო ბუნებრივი გარემო და ხელსაყრელი პირობებია შექმნილი, ამ სიტყვებით მიმართა აჭარის მთავრობის მეთაურმა სლოვაკ ინვესტორებს, რომლებიც საქართველოში სლოვაკეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან.
არჩილ ხაბაძემ ბათუმში გამართულ ბიზნესფორუმზე სლოვაკ ინვესტორებს აჭარაში ინვესტირებისკენ მოუწოდა და მათ რეგიონის მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო.
„2015 წელს აჭარაში განხორციელდა 366 მლნ დოლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია, რომელშიც 76% უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა. ინვესტიციების მაღალი ხვედრითი წილით ეკონომიკაში გამოირჩევა ენერგეტიკის (41%), ტურიზმის (34%) და მშენებლობის (23%) სექტორები. მნიშვნელოვანია, რომ მას შემდეგ რაც საქართველომ ხელი მოაწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირებისა და მისი შემადგენელი „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას“, ჩვენი ქვეყანა ახალი რეალობისა და შესაძლებლობების წინაშე დადგა. ეს შეთანხმება ხსნის ნახევარმილიარდიან ბაზარს ქართული კომპანიებისათვის და გულისხმობს ქვეყნის ეკონომიკის თანმიმდევრულ ინტეგრაციას ევროკავშირის ეკონომიკასთან. შესაბამისად, მომავალ წლებში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია სლოვაკეთის რესპუბლიკის, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება. დღევანდელი ფორუმი წარმოადგენს შესანიშნავ პლატფორმას გავაცნოთ ერთმანეთს ჩვენი ქვეყნების საინვესტიციო პოტენციალი და ხელი შევუწყოთ ახალი ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და სამომავლო თანამშრომლობას”, აღნიშნა ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას არჩილ ხაბაძემ.
აჭარის მთავრობის მეთაურის განმარტებითვე, „სტაბილურობა, ლიბერალური და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკური სივრცე, დაბალი საგადასახადო განაკვეთები, ლიცენზიებისა და ნებართვების მცირე რაოდენობა, ადმინისტრაციული პროცედურების სიმარტივე, კერძო საკუთრების დაცულობა, კარგად განვითარებული და ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემა და რეგიონის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ქმნის შესაძლებლობას განხორციელდეს ინვესტიციები სხვადასხვა მიმართულებით“.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესფორუმს საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებიც ესწრებოდნენ.
ბიზნესფორუმსს სლოვაკეთში სხვადასხვა სექტორში (მშენებლობა, ტურიზმი,საბანკო სექტორი, ლოჯისტიკა და სხვა) მოღვაწე 20 და ბათუმში მოქმედი 22 კერძო კომპანიის წარმომადგენელიც ესწრებოდა.