აჭარას სლოვაკი ინვესტორები სტუმრობენ. ამ წუთებში სასტუმრო „ჰილტონში“ საინვესტიციო ფორუმი მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ესწრებიან. ფორუმზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკომ, სლოვაკეთის დელეგაციას, რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი სპეციალური პრეზენტაციით გააცნო.
ფორუმის ფარგლებში უცხოელი პარტნიორები ასევე საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებს, საინვესტიციო და საპრივატიზაციო ობიექტებს გაეცნობიან. შეხვედრაზე ფორუმის მონაწილეები აჭარის რეგიონის ინგლისურენოვან საინვესტიციო ვიდეო რგოლს ნახავენ.
ბიზნეს ფორუმსს სლოვაკეთში სხვადასხვა სექტორში (მშენებლობა, ტურიზმი,საბანკო სექტორი, ლოჯისტიკა და სხვა)მოღვაწე 20 და ბათუმში მოქმედი 22 კერძო კომპანიის წარმომადგენელიც ესწრება.
პრეზენტაციების შემდეგ კი სლოვაკეთის დელეგაციის წარმომადგენლები, ადგილობრივ კომპანიებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან პირისპირ (B2B) შეხვედრებს გამართავენ
ბიზნესფორუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, საინვესტიციო ტურების ღონისძიების ფარგლებში ტარდება.
ბიზნესფორუმს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის ა.რ მინისტრთა კაბინეტის წევრები,სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში რუდოლფ მიჩალკა, სლოვაკეთის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი ვიტ კოზიაკი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან.
ფორუმის ფარგლებში შპს Mardi Holding-სა (საქართველო) და შპს Farm Trade (სლოვაკეთი) შორის გაფორმდება სამწლიანი მემორანდუმი, რომლის მიზანია ტექნოლოგიების ინტელექტუალური ქსელების განვითარება და განხორციელება ენერგო სექტორში.
მემორანდუმი მოიცავს ერთობლივ კვლევას, შესაბამისი მეთოდების განვითარებას და გამოცდილების გაცვლას სამშენებლო, ენერგოეფექტურობის, ენერგოდაზოგვის საკითხებში.
ასევე გათვალისწინებულია კონფერენციები და შეხვედრები ენერგო ეფექტურობის განვითარებისათვის, ქართულ-სლოვაკური პარტნიორობის განვითარება და ექსპერტთა გაცვლა. ქართულ-სლოვაკური ბიზნეს ფორუმი ხელს შეუწყობს აჭარასა და სლოვაკეთის რეგიონებს შორის არსებულ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და გააქტიურებას.