დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, ბათუმში 110 კვტ. ქვესადგურში „ბათუმი 4“ სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს გენერალურ დირექტორთან მიხეილ ბოცვაძესთან ერთად დაათვალიერა.
ამჟამად, მიმდინარეობს ქვესადგურის სრული რეკონსტრუქცია, არსებულ ტრანსფორმატორს დაემატება ორი ახალი ტრანსფორმატორი, რითაც სამჯერ გაიზრდება ქვესადგურის მიერ გატარებული ელექტროენერგიის სიმძლავრე. სამუშაოები დასრულდება საზაფხულო სეზონის დადგომამდე და განახლებული ქვესადგური უზრუნველჰყოფს ბათუმის განსაკუთრებით დატვირთული უბნების ენერგომომარაგების სტაბილურობას. გარდა ამისა, მიმდინარეობს 110 კვტ. მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების „ადლია 1“ და „ადლია 2“ სრული რეაბილიტაცია, რომელიც ასევე საკურორტო სეზონის დადგომამდე დასრულდება. განახლებული გადამცემი ხაზები სრულად უზრუნველჰყოფენ მთლიანად ქ. ბათუმის საიმედო ენერგომომარაგებას.
მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა ბათუმის ბულვარში, სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქის სხვა ქუჩებზეც. ამავდროულად, ქობულეთის სანაპირო ზოლში მიმდინარეობს 35 კვტ. მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობა, რომელიც უზრუნველჰყოფს ქობულეთის სანაპირო ზოლის ენერგომომარაგების სტაბილურობას, გაზრდილი მოხმარების პირობებში. რაც შეეხება გონიოსა და კვარიათს, სანაპირო ზოლის მკვებავ 10 კვტ. გადამცემ ხაზს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია.