წყნეთში, დევნილების დასახლებაში სპორტული მოედნების აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყობა ახალი, ხელოვნური, მწვანე საფარი, განახლდება საფეხბურთო კარი და კალათბურთის ფარები; ძველი ლითონის კონსტრუქცია შეიცვლება თანამედროვე, ახალი კონსტრუქციით; მოეწყობა მინა-პლასტიკის დამცავი ჯებირები და პანდუსები.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე ადგილზე გაეცნო.
„რაიონის მასშტაბით, წელს დაგეგმილი იყო 23 სპორტული მოედნის აღდგენა-რეაბილიტაცია; მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, კიდევ რამდენიმე დაემატა და, ჯამში, ვაკის რაიონს წელს 30-მდე აღდგენილი სპორტული მოედანი შეემატება“,-განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.
ამ დროისთვის 8 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულებულია, 10-ზე კი სამუშაოები მიმდინარეობს.
ნოდარ ტურძელაძემ წყნეთში მიმდინარე საგზაო სამუშაოებიც დაათვალიერა. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური რამდენიმე მისამართზე აწარმოებს საგზაო სამუშაოებს; ასფალტის ახალი საფარი კოსტავას (2 711 კვ/მ), თბილისის (1 036 კვ/მ), ტაბიძის (3 425 კვ/მ) და სააკაძის (3 919 კვ/მ) ქუჩებზე დაიგება.