მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამოგზაურო პორტალ „Tripadvisor“-ზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანია დაიწყო.
როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე აცხადებს, სარეკლამო კამპანია 10 მიზნობრივ ბაზარს მოიცავს: აზერბაიჯანი, გერმანია, ისრაელი, იტალია, პოლონეთი, უკრაინა, თურქეთი, სომხეთი, ყაზახეთი და რუსეთი. საქართველოს შესახებ სარეკლამო ბანერებს 6 თვის განმავლობაში, ათივე ქვეყანაში, მილიონობით ადამიანი იხილავს. სარეკლამო კამპანია ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას და დამატებით ტურისტული ნაკადების მოზიდვას.
Tripadvisor -თან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით საქართველოს ეწვია მიმართულებების მარკეტინგის მენეჯერი ჩედ შაივერი. ვიზიტის მიზანია Tripadvisor-ის მხარეებს შორის მოხდეს სერვისების ინტეგრირების, ინფორმაციის გაცვლის, სარეიტინგო და მიმოხილვითი ფუნქციების დანერგვას ადმინისტრაციის ტურისტულ პორტალზე http://georgia.travel
გარდა ამისა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გახდა მიმართულებების პრემიუმ პაკეტის მფლობელი, რაც გულისხმობს Tripadvisor -ზე საქართველოს შესახებ ფოტო-ვიდეო მასალის, ბროშურების, ტექსტური მასალის თუ ვიზუალური ნაწილის მოწესრიგების, განთავსების და ადმინისტრირების შესაძლებლობას.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და Tripadvisor -ის მარკეტინგის მენეჯერი ჩედ შაივერი ხანგძლივ და მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ . 6 თვის შემდეგ ადმინისტრაცია TripAdvisor-ის პორტალზე კიდევ ერთ მასშტაბურ კამპანიის წამოწყებას გეგმავს.
TripAdvisor-ს ყოველთვიურად 340 მილიონი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს. ინტერნეტმომხმარებელს პორტალზე 350 მილიონი შეფასება და კომენტარი აქვს დატოვებული. TripAdvisor-ზე 6.5 მილიონზე მეტი განთავსების, კვებისა და გართობის ობიექტია წარმოდგენილი.