„ქართულმა ოცნებამ“ უკან მოიტოვა ძალიან ბევრი სირთულე, დღეს კი ახალი გეგმებითა და ამოცანებით აპირებს მუშაობის გაგრძელებას. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობაზე განაცხადა.
”ჩვენ უნდა დავანახოთ ყველას, რომ მტკიცედ ვადგავართ დემოკრატიის გზას, პირველ რიგში, იმით, რომ პარტიის შიგნით დავიცავთ დემოკრატიულ ღირებულებებს. დემოკრატიული მმართველობა ევროპული ქვეყნების ცხოვრების წესია და ჩვენც სწორედ აქეთ მივდივართ. პირველ რიგში, ეს აუცილებლად გულისხმობს მკაცრ პარტიულ დისციპლინას და თითოეული წევრის პასუხისმგებლობას. პარტიის ერთიანი ხედვა ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე მისაღები უნდა იყოს ყველასთვის, ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამ ხედვას და დავემორჩილოთ გუნდის გადაწყვეტილებებს. ეს არის პარტიის სიმტკიცის გარანტია, მით უმეტეს, როცა მას ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა აქვს აღებული. ჩვენ უნდა დავანახოთ ყველას, რომ გვაერთიანებს მკვეთრად გამოხატული მისწრაფებები და გვაქვს ერთიანი პოლიტიკური ხედვა როგორც საშინაო, ისე საგარეო მიმართულებით“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.