ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დღეს იმ ბიზნესმენებს შეხვდნენ, რომლებიც მთავრობის მიერ ინიცირებულ პროექტს „Check-in Georgia“-ს შეუერთდნენ. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გამართულ ღონისძიებას 20-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, შემუშავებულია სპეციალური საპარტნიორო პაკეტები, რომლითაც აქტიურად დაინტერესდა ბიზნეს სექტორი. პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებაზე კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, წარმოჩინდნენ, როგორც „Check In Georgia“-ს პარტნიორები და მომხმარებელს შესთავაზონ საინტერესო მარკეტინგული ინიციატივები. კომპანიების პოზიციონირება მოხდება დაგეგმილი სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობისას, ამასთან, პროდუქტის მწარმოებელი, თუ მიმწოდებელი კომპანიები ღონისძიებებზე წარმოდგენილი იქნებიან საკუთარი პროდუქციით.
ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პროექტი „Check In Georgia“ აქტიურად მუშაობს და პირველი შედეგებიც მოაქვს. მან მადლობა გადაუხადა პროექტის ყველა სპონსორს მხარდაჭერისთვის.
„Check-in Georgia“ ჩვენმა ბიზნესმა საკუთარ დღის წესრიგში მონიშნა. ამასთან, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ გარდა მსხვილი ბიზნესისა, პროექტში აქტიურად ჩაერთვებიან მცირე მეწარმეებიც. ადგილობრივი მეწარმეობისთვის ეს ახალი სტიმული და განვითარების რეალური შანსია. პროექტის კალენდარი ღონისძიებებით მაქსიმალურადაა დატვირთული, ეს ნიშნავს ბიზნესისთვის საკუთარი პროდუქციის წარმოჩენა-რეალიზაციის მეტ შესაძლებლობებს, გაზრდილ შემოსავალს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე პროექტში ჩართული კომპანიების მხრიდან საპარტნიორო პაკეტების სანაცვლოდ მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა დაახლოებით 6 მილიონი ლარი შეადგინა.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილმა ღონისძიებებმა დიდი დაინტერესება გამოიწვია არამარტო საქართველოში, არამედ უცხოეთის მრავალ ქვეყანაში. მისი განცხადებით, „Check In Georgia“-ს პრომოცია 16 ქვეყანაში ხორციელდება. მისი ინფორმაციით, მხოლოდ ვებ-გვერდებზე „Check In Georgia“-ს ჰქონდა 455,999,000 ნახვა. ამასთან, 1,112,000 ვიზიტორი სპეციალურად გადავიდა პროექტის ვებ-გვერდზე, რათა გაცნობოდა „Check In Georgia“-ს შესახებ დეტალურ ინფორმაციას.
პროექტის ფარგლებში გასამართ ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთები მთელი მსოფლიოს მასშტაბით 55 ქვეყნის წარმომადგენლებმა შეიძინეს. ვიცე-პრემიერის განცხადებით, „Check In Georgia“-ს მიზანია, გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა საზღვარგარეთ, მოზიდულ იქნას მეტი ტურისტი უცხოეთიდან და ამავე დროს, მოხდეს შიდა ტურიზმის წახალისება.
მთავრობის მიერ ინიცირებულ პროექტს „Check-in Georgia“-ს შეურთდნენ: „ლოიალ კაპიტალ გრუპი“, „საქართველოს ბანკი“, „თიბისი“, „მეტრო“, „სოკარი“, „ვისოლი“, „თეგეტა მოტორსი“, „VTB ბანკი“, „ბლექსი ჯგუფი“, „შილდა“, „T&R დისტრიბუცია“, განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების ფონდი, „ომეგა“, „პროგრეს ბანკი“, West Invest, „ბორჯომი“, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, „რუსალოს“, „გალფი“, „ატლსაგლობალი“, „აიჯი მოლი“.