პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, სტარტაპების პროგრამისთვის, რომელიც დამწყები ბიზნესმენებისთვის მთავრობის ინიციატივით იქმნება, საფინანსო ინსტიტუტი ჩამოყალიბდება და საწყის ეტაპზე მისთვის 11 მილიონი ლარი გამოიყოფა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული ინსტიტუტი ფუნქციონირებას ერთ თვეში დაიწყებს.
დღეს დავამტკიცებთ ამ ინსტიტუტის მოქმედების მუშაობის ძირითად პრინციპებს, ხოლო ერთი თვის თავზე, ეს ინსტიტუტი ფუნქციონირებას დაიწყებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიური პარკის, ახალი ტექნოპარკის შენობაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა ოქროყანის ტერიტორიაზე. ეს რეფორმა იძლევა საშუალებას, დამწყებმა ბიზნესმა და ასევე, ინოვაციურმა და ტექნოლოგიურმა ახალმა ბიზნესმა მიიღოს დაფინანსება ყველანაირი უზრუნველყოფის და გირაოს გარეშე. ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ პირველად ხდება საქართველოში ინოვაციური იდეების დაფინანსების ინსტიტუციონალიზაცია. ბევრ ქვეყანაში ამ მიმართულებამ გარდატეხა შეიტანა ეკონომიკურ განვითარებაში და ეს არის ჩვენი მხრიდან პირველი ნაბიჯი, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მისასალმებელია. ინსტიტუტის დაფინანსება საპარტნიორო ფონდისა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით მოხდება, საწყისი ბიუჯეტი იქნება 11 მილიონი ლარი, ხოლო საბოლოოდ ეს ბიუჯეტი გაიზრდება 35 მილიონამდე, რაც იძლევა საშუალებას, რომ ამ წლის განმავლობაში რამდენიმე ეტაპი ჩატარდეს ასეთი პროექტების შერჩევის და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თავად ამ პროცესში ამ ინსტიტუტის სტრუქტურირებაში და მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო პროფესიონალები, აღიარებული ექსპერტები“,-განაცხადა პრემიერმა.