„Ural Airlines“-მა ეკატერინბურგიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისების განხორციელება დაიწყო. „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, 28 აპრილს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, „Ural Airlines“-მა ეკატერინბურგი-ბათუმი-ეკატერინბურგის მიმართულებით პირველი რეისი განახორციელა.
პირდაპირი ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ეკატერინბურგის მიმართულებით კვირაში ორჯერ - ხუთშაბათსა და ორშაბათს,
A-320 და A-321 ტიპის ავიახომალდებით შესრულდება.
ზაფხულის სეზონზე ავიაკომპანია „Ural Airlines“-ი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს კიდევ 2 ახალ მიმართულებას შესთავაზებს. 16 მაისიდან ბათუმიდან პირდაპირი რეისები პეტერბურგში, ხოლო 7 ივნისიდან კი სამარაში განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ „Ural Airlines“-მა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება გასულ სეზონზე მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით დაიწყო.
რუსული ავიაკომპანია „Ural Airlines“ 1943 წელს დაფუძნდა და ამჟამად ავიაკომპანია 34 ავიახომალდით, 40 მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მიმართულებით დაფრინავს. დღეისათვის „ Ural Airlines “-ის ავიაპარკი 18 Airbus A320, 10 А321 და 6 А319 ტიპის ავიახომალდისაგან შედგება.