საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით აქტიურად დაიწყო ახალი, კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაცია და ლოს-ანჯელესში ვიზიტის ფარგლებში საკმაოდ საინტერესო და პროდუქტიული შედეგებიც მიიღო.
ბოლო 5 დღის განმავლობაში ქართული მხარის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში სამი კერძო საპროდიუსერო კომპანიაცაა (JTW Metro; Millimeter Film და ABK communications) ლოს-ანჯელესში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა წამყვანი საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლებთან, ქართულმა მხარემ მონაწილეობა მიიღო ლოს-ანჯელესის ლოკაციების საერთაშორისო გამოფენაზე, ასევე ქართული დელეგაცია დაესწრო ლოკაციების სკაუტების საერთაშორისო დაჯილდოებას, ხოლო გუშინ, 25 აპრილს, ვიზიტის დასასრულს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ, ლოს ანჯელესის ერთ-ერთ გამორჩეულ, ლეიკას გალერეაში უმასპინძლა გავლენიანი საპროდიუსერო კომპანიების, მედიისა და კინოინდუსტრიის სფეროში მოღვაწე სხვადასხვა სააგენტოების წარმომადგენლებს.
ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგა შეხვედრები ჰოლივუდის გავლენიან საპროდიუსერო კომპანიებთან, როგორებიცაა: Paramount Pictures, NBC universal, Universal Pictures, Warner Brothers, HBO, Fox.
აღსანიშნავია შეხვედრა დისნეისთან, რომელმაც საკუთარ სათაო ოფისში უმასპინძლა პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ პრეზენტაციას და შესაძლებლობა მისცა საკუთარ ჰოლდინგში შემავალი კომპანიების Marvel Entertainment LLC და ABC Television Group-ის წარმომადგენლებს გასცნობოდნენ საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილმდებარეობას.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დისნეის მხრიდან კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის მიმართ ინტერესი უკვე გამოითქვა და უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტიც დაიგეგმა.
ლოს-ანჯელესში ვიზიტის ფარგლებში, ლოკაციების სკაუტების დაჯილდოების საერთაშორისო ცერემონიაზე ჩვენი დელეგაციის წევრებმა გაიცნეს მსოფლიოში აღიარებული ისეთი ფილმებისა და სერიალების ლოკაციების მენეჯერები, როგორიცაა Game of Thrones, Sense 8, Grand Hotel Budapest. მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლებისათვის აღნიშნული ვიზიტი კარგი შესაძლებლობა იყო მსოფლიოს წამყვანი ლოკაციების მენეჯერები საქართველოში კინოგადაღებების წარმოებით დაინტერესებულიყვნენ.
ყველაფერთან ერთად, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებითა და ძალისხმევით ქართულმა საპროდიუსერო კომპანიებმა მიიღეს მონაწილეობა ამერიკაში წამყვან AFCI locations show-ზე. ქართული სტენდის ქვეშ 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრები მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან სპეციალურად აღნიშნული შოუსთვის ჩამოსული ლოკაციების მენეჯერებთან, რაც უახლოეს მომავალში საქართველოთი უცხოური კინოპროდიუსერების დაინტერესებას განაპირობებს.
ლოკაციების შოუს ფარგლებშივე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა სხვა სამთავრობო წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო პანელ დისკუსიაში პროდიუსერებისათვის დაფინანსების შესაძლებლობებთან დაკავშირებით და ბევრ გავლენიან პროდიუსერს გააცნო საქართველოში ახლად დანერგილი ე.წ cash rebate მექანიზმი.
საერთო ჯამში, აშშ-ში პირველი ვიზიტისათვის, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ და ზოგადად, საქართველოს მიმართ ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა, შესაბამისად, საქართველოში ლოკაციების მრავალფეროვნებისა და სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებული ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე საერთაშორისო პროდიუსერების დაინტერესება საკმაოდ რეალური და პერსპექტიულია.