ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს მგზავრთნაკადი შეუმცირდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის პირველ კვარტალში, 2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 2.26%-ით ნაკლები მგზავრი მიიღო. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2016 წლის იანვარ-მარტში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მომსახურებით 20 ათას 751 მგზავრმა ისარგებლა, 2015 წლის იანვარ-მარტში კი - 21 ათას 230 მგზავრმა.
2014 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით 31 ათას 6 მგზავრი გადაადგილდა. შესაბამისად 2016 წლის პირველ კვარტალში, 2014 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 33,07 %-ით ნაკლები მგზავრი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოს აეროპორტებით 19.38%-ით მეტმა მგზავრმა ისარგებლა. 2016 წლის პირველ კვარტალში, რეგულარული და არარეგულარული რეისებით, საქართველოს აეროპორტები 432 ათას 949 მგზავრს მოემსახურა.