მაჭახელას ტურისტულ მარშრუტებზე არსებული საოჯახო სახლების მეპატრონეთა მომზადება ტურისტული სეზონისთვის დაიწყო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სატრენინგო ცენტრში მათ სერვისის ძირითადი სტანდარტების შესახებ გერმანელმა ექსპერტმა ტრენინგი ჩაუტარა. ულიხ ტროსიენმა, რომელსაც ტურიზმის დარგში მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ სოფლად ტურიზმის კუთხით თანამედროვე მსოფლიოში დანერგილი ის ძირითადი ნორმები გააცნო, რაც აუცილებელია ტურისტების მოსაზიდად და მათი კმაყოფილების დონის მისაღწევად.
ტურისტებისთვის და მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველეთათვის მაისში მზად იქნება საოჯახო სახლების ერთიანი ბაზა, რომელიც დეპარტამენტის გვერდზე gobatumi.com განთავსდება. გარდა ამისა, სოფლად ტურიზმის განვითარების მიზნით მიმდინარეობს ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირება, მათთვის კონკრეტული სერვისების მიბმა, რაც სუვენირების, სახელოსნოების, ადგილზე წარმოებული პროდუქტების გამოყენებას ითვალისწინებს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გაწევრიანებულია სოფლად ტურიზმის ევროპულ ფედერაციაში „Eurogites“, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის სოფლად ტურიზმის განვითარებასა და ცნობადობის გაზრდას ევროპის მასშტაბით.