ბათუმში სუვენირების გაყიდვა, ადრე დაანონსებული 19 ადგილის ნაცვლად 27 ადგილიდან მოხდება. საკითხი ბათუმის საკრებულომ უკვე განიხილა და დაამტკიცა. როგორც ბათუმის საკრებულოში აცხადებენ, ცვლილებები შევიდა „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ სივრცეებში სუვენირებითა და სამახსოვრო ნივთებით გარე ვაჭრობისათვის სავაჭრო-სარეალიზაციო ადგილების გამოყოფის შესახებ“ საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის N69 განკარგულებაში, რომლის თანახმადაც ადგილების რაოდენობა გაიზარდა და განისაზღვრა 27 ადგილით.
როგორც ცნობილია, ბათუმი 2016 წლის საკურორტო სეზონს ე.წ. „ერმაკოვის ბუტკების“ გარეშე უნდა შეხვდეს. ბათუმის მერია ძველი ჯიხურების ახლით ჩანაცვლებაზე ინტენსიურად მუშაობს. პროექტის ფარგლებში ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახური შექმნის ჯიხურების შესაბამის ექსკიზს და ქალაქში, ახალ, თანამედროვე ჯიხურებს განათავსებს.
თუმცა მას შემდეგ, რაც მერია ესკიზებს შეიმუშავებს, გამოცხადდება აუქციონი, რომელზედაც აღნიშნული ჯიხურები იჯარის წესით გაიცემა. შესაბამისად ჯიხურებით სარგებლობას და შესაბამისად ვაჭრობას შეძლებენ ის პირები, რომლებიც აუქციონში მიიღებენ მონაწილეობას და გაიმარჯვებენ.
ჯიხურების განლაგება ძირითადად იმ ადგილებში მოხდება, სადაც ტურისტები ხშირად დადიან და სხვადასხვა სუვენირებზე მოთხოვნა არსებობს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივნისში, ბათუმის მერიამ ნავსადგურის ტერიტორიიდან ჯიხურები, საიდანაც ძირითადად სუვენირებით ვაჭრობდნენ, „ჭაჭის თაუერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განათავსა, რასაც მოვაჭრეების და საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. ერთ ადგილზე განთავსებული ჯიხურები „ერმაკოვის ბუტკებად“ უმალვე მოინათლა. საბოლოოდ, ბათუმის მერიამ "ჭაჭის თაუერის" მიმდებარე ტერიტორიიდან კუსტარულად დამზადებული ჯიხურები უკან დააბრუნა და 2016 წლისთვის ქალაქში ახალი, თანამედროვე დიზაინის ჯიხურების დადგმა დაანონსა.