ბათუმში პუშკინის ქუჩის კეთილმოწყობა დასასრულს უახლოვდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს ასფალტის საფარი დემეტრე თავდადებულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე და სელიმ ხიმშიაშვილიდან თაყაიშვილის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთებში იგება. აღნიშნულ მონაკვეთებზე ჯამში 4000 კვმ ტერიტორია მოასფალტდება, სადაც უკვე დამონტაჟდა 22 ცხაურიანი, 1 დახურული სანიაღვრე და 8 საკომუნიკაციო ჭა.
პარალელურად მიმდინარეობს ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები. როგორც ბათუმის მერიაში განმარტავენ, დემეტრე თავდადებულისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში უკვე მოეწყო 450 გრძივი მეტრი ბორდიური და მზადდება საფუძველი ფილების დასაგებად.
აღნიშნული მონაკვეთების მოასფალტება დღესვე დასრულდება.
კეთილმოწყობის სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. შესაბამისად, პუშკინის ქუჩის რეაბილიტაცია, რაც ჯავახიშვილისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის არსებული მონაკვეთისა და გადამკვეთი ქუჩების კეთილმოწყობას გულისხმობს, მაისის ბოლოსთვის დასრულდება, რის შემდეგაც კეთილმოწყობის სამუშოები დარჩენილ მონაკვეთებზე გაგრძელდება.
აღნიშნული სამუშოები ჭაობის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარეობს, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტში 19 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული. პროექტის ფარგლებში, 3 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად 25 ქუჩა უნდა კეთილმოეწყოს.