26 აპრილს, უკრაინაში, ქალაქ ნიკოლაევში „ნიკოლაევი-ბათუმი“ ბიზნეს ფორუმი გაიმართება. ფორუმის ფარგლებში უცხოელი პარტნიორები საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებს, აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს, ასევე საინვესტიციო და საპრივატიზაციო ობიექტებს გაეცნობიან. ფორუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ნიკოლაევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.
დელეგაციის წარმომადგენლები პოტენციურ ინვესტორებთან, ადგილობრივ კომპანიებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს გამართავენ. ფორუმზე ნიკოლაევის წარმომადგენლებს აჭარის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული სპეციალური პრეზენტაციით მიეწოდებათ.
ფორუმის მონაწილეები ასევე აჭარის რეგიონის ინგლისურენოვან საინვესტიციო ვიდეო რგოლს გაეცნობიან. პრეზენტაციას ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელი გამართავს.
ნიკოლაევში სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, აჭარაში სხვადასხვა სექტორში, კერძოდ მშენებლობის, ტურიზმის და ლოჯისტიკის სფეროში მოღვაწე კერძო კომპანიების წარმომადგენელთა ვიზიტიც იგეგმება. ისინი თავიანთ გამოცდილებას ადგილობრივ ინვესტორებს გაუზიარებენ.
პრეზენტაციების შემდეგ ბიზნესმენთა პირისპირ შეხვედრები გაიმართება, რაც ქართულ და უკრაინულ კომპანიებს შორის ბიზნეს ურთიერთობების დამყარებას შეუწყობს ხელს.
დელეგაცია უკრაინას 27 აპრილს დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით ბათუმში 2014 წელს პირველი საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი ჩატარდა. უწყების ორგანიზებით 2014-2015 წლებში 5 ქვეყანაში (აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, თურქეთი,ბელარუსი) და ასევე საქართველოში 4 საინვესტიციო ფორუმი მოეწყო.
ფორუმების ფარგლებში, უკვე შედგა საპასუხო ვიზიტები აზერბაიჯანიდან, პოლონეთიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან.